ახალგაზრდა სტომატოლოგი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კბილის და პირის ღრუს აგებულება, კარიესი, ნადები, კბილების სწორად გაწმენდის წესი, არასწორი თანკბილვა და მისი გამომწვევი მიზეზები, რამდენად მავნეა ტკბილეული ბავშვის კბილებისთვის, რამდენად ხშირად უნდა მივმართოთ სტომატოლოგს… 
ამ და ბევრ სხვა კითხვას უპასუხა ქალბატონმა ქეთევანმა. მან აღნიშნა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პირის ღრუდან იწყება, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდების სწორი წარმოდგენა პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ. მათს ასაკში გამომუშავებული ჩვევები განმსაზღვრელი ფაქტორია მოზრდილობისას განვითარებული დაავადებების პროფილაქტიკის თვალსაზრისით.
ზოგადად, ბავშვისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი სტრესული და ემოციური პროცესია, მაგრამ ჩვენმა სტუმარმა ისე მოხიბლა პატარები, რომ ყველამ გამოთქვა სურვილი, ქალბატონი ქეთევანი მათი მკურნალი ექიმი გამხდარიყო. მის მიმართ ინტერესი გააძლიერა ინფორმაციამ მოსკოვში სწავლისა და მუშაობის შესახებ, ამიტომ კითხვების რაოდენობამაც იმატა და შინაარსმაც, ამიტომ სტუმარმა აღნიშნა: ,,შეგნებულად წავედი მედიცინაში. დედაჩემი არის ქირურგი-გინეკოლოგი, მამა კი მრავალი წელია სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს, იგი მოსკოვში ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელია. შეიძლება ითქვას, ოჯახმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს არჩევანზე. ??‍♀️ბავშვობიდან მიყვარდა სტომატოლოგები – მესმოდა, თუ რა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ისინი. ამიტომ გადავწყვიტე გამოვსულიყავი სტომატოლოგი. ეს არ არის ადვილი, იყო ექიმი, ითხოვს მუდმივ თავგადადებულ შრომას და ყოველდღიურ თვითგანვითარებას”. შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა. შეხვედრის დასასრულს ქალბატონმა ქეთევანმა ბავშვებს მოუწოდა იბეჯითონ, ისწავლონ და უსურვა ლაღი, ბედნიერი მომავალი. მეტად საინტერესო აღმოჩნდა სტომატოლოგის სტუმრობა თავისუფალ სკოლაში.

Leave a Comment